ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში.ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი რომელიც წერდა: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია"
ქართულმა კინემატოგრაფიამ, ევროპულ კინოსთან ერთად გადადგა თავისი პირველი ნაბიჯები: 1896 წლის 16 ნოემბერს თბილისში სათავადაზნაურო თეატრში (ამჟამინდელი ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრი) ლუმიერების სინემატოგრაფი აჩვენეს.
1904 წელს გოლოვინის პროსპექტზე პირველი სტაციონალური კინოთეატრი ,,ილუზიონი’’ გაიხსნა. თბილისში ამას მალე ზედიზედ მოჰყვა სხვა კინოთეატრებიც: ,,ბიოსკოპი’’, ,,სკიფი’’, ,,ურანი’’, ,,აპოლო’’, ,,კოლიზეი’’, ,,მულენელექტრიკი’’, ,,სინემა’’ და სხვა. თანდათან კინობიზნესმა წარმატებით დაიწყო განვითარება. შეიქმნა პირველი სარეკლამო სააგენტო: ,,მატინიანცის სარეკლამო ბიურო’’.
1908 წლიდან დაიწყო ქართული კინო–ფილმების წარმოების ისტორია, რომლის პიონერები იყვნენ ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი.
1912 წელს ქუთაისში კინოთეატრ ,,რადიუმში’’ შედგა ვასილ ამაშუკელის პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში’’ ჩვენება. ეს ფილმი იყო უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო კინემატოგრაფიაში თავისი ქრონომეტრაჟითა და საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი ოსტატობით.
1916 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,ქრისტინე’’. ფილმის გადაღებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის პირველ ქართველ პროდიუსერ გერმანე გოგიტიძეს.
1918 წელს კინოფირმა ,,ფილმა’’ – ს ხელმძღვანელმა, ბელგიელმა პირონემ, დღევანდელი კინოსტუდია ,,მემატიანე’’ – ს ტერიტორიაზე პატარა კინოსტუდია დაარსა.
მიუხედავად 1921 წლიდან საქართველოში მყარად ფეხმოკიდებული საბჭოთა ხელისუფლების ზეწოლისა თავისუფალ აზროვნებაზე; მიუხედავად მკაცრი ცენზურისა, ქართველმა კინომოღვაწეებმა მაინც შეძლეს თავისი შემოქმედების, პროფესიონალური ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. მათ არ გადაუხვევიათ იმ გზიდან, რომელიც აირჩიეს კინოს განვითარების პირველი ნაბიჯებიდან, რამაც შემდეგში გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული კინოს, როგორც მაღალმხატვრული და თვითმყოფადი სკოლის ჩამოყალიბებაში. იმ პერიოდში წარმატებით მოღვაწეობდნენ: ალექსანდრე წუწუნავა, შალვა დადიანი, ივანე პერესტიანი, ამო ბეკნაზაროვი, ალექსანდრე დიღმელოვი, ვლადიმერ ბარსკი, კოტე მარჯანიშვილი და სხვები. მათ ეროვნულ კლასიკოსებზე დაყრდნობით, გამოსახვის სხვადასხვა ხერხებით, ალეგორიებით, სიმბოლოებით მოახერხეს ეთქვათ სიმართლე, დაეცვათ ეროვნული ფასეულობები და მაყურებლებამდე მიეტანათ თავიანთი სათქმელი. ამის ნათელი მაგალითია 20–იან წლებში ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების ეკრანიზაცია.
ქართული კინო ფენომენია, რომელმაც დიდ კვალი დატოვა მსოფლიო კინემატოგრაფიაში.
No comments:
Post a Comment